საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია დათმობს ყველა მანდატს და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე.

"თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი ამ საპარლამენტო არჩევნებში უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მონაწილეობის მიღებაზე და მუშაობაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ საზოგადოება წყვეტს.

"მე გითხარით რომ არჩევნების მთავარი ლეგიტიმატორი და მთავარი სუბიექტი, ვინც არჩევნებს აძლევს ლეგიტიმაცია, ეს არის საზოგადოება, მოქალაქეები და ხალხი".

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ხმების ძირითადი ნაწილი უკვე დათვლილია და შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ქართული ოცნებაა, მეორეზე კი, ნაციონალური მოძრაობა. ამ დროისთვის, მმართველ პარტიას 50%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციური პარტიები შედეგებს არ ცნობენ და არ გამორიცხავენ, რომ მანდატებზე უარი თქვან და ვადამდელი არჩევნები მოითხოვონ.