საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ის მუშაობას თვითიზოლაციიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს.

"სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას", — წერს გახარია.

ის, ასევე, გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და ამომრჩევლებს მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

"როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან", — აცხადებს პრემიერმინისტრი.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გუშინ, 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა.