გირჩი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი მეორე ტურშიც მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

"ოპოზიციას და ჩვენ გვაქვს სამუშაო, სალაპარაკო გვაქვს ბევრი. მათ შორის, ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით უნდა მიღებულიყო უფრო მეტი საუბრის შედეგად. მაგრამ რაც არის, ეს არის", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ბევრ პრინციპულ საკითხზე უნდა შეთანხმდეს, მათ შორის ბრძოლის გზებზეც.

"ასოწ-დასაწონი იყო ორივე ვერსია [შესვლა-არშესვლა]. ორივე ვერსიას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ახლა რაღაცნაირად გამოდის, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით წესიერად აწონ-დაწონვის გარეშე. მე კი ავწონე და ჩვენ კი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს იყო პარიებს შორის გასავლები. ბოიკოტს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება სერიოზული გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. როცა ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის, გასაგებია, რომ რაღაც ვერ არის ქვეყანაშ კარგად. მინიმუმ ეს შედეგი დადგება და პოლიტიკურ ზიანს მიიღებს ხელისუფლება", — განაცხადა ჯაფარიძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის მეორე ტურში პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი გადავიდნენ. ამასთან, პროპორციული სიით მათ ოთხი მანდატი მოიპოვეს.

პარლამენტში არ შევა, ასევე, ევროპული საქართველო. პარტიაში თქვეს, რომ ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობენ და არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, პარლამენტში შესვლაზე უკვე თქვა უარი ლელომ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პერმანენტულად აქციებს გეგმავს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.