ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პარტია "უდიერად" ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და მანდატებზე უარს ამბობს, მას მაშინ უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. მისი განცხადებით, ამ ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში "ლოგიკური" იქნება.

"რა თქმა უნდა, ლოგიკურია, მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რაც მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, მაშინ მან არ უნდა მიიღოს ის სხვა პრივილეგია, რაც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს, მათ შორის, ეს არის სახელმწიფო დაფინანსება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, კარგიც იქნება ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში. ეს იქნება ძალიან ლოგიკური და ამაზე, ალბათ პარლამენტი იმსჯელებს", — აცხადებს კობახიძე.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.

პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,23%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
  • ევროპული საქართველო — 3,78%
  • ლელო — 3,16%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები — 1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%;

ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა არასწორი იქნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პატრიოტთა ალიანსის გარდა, ბარიერგადალახული პარტიები ახლა საერთო აქციების გამართვას აპირებს. პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.