შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისანში საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს 6 ადამიანი დააკავეს. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც ამ წუთებში საჩივრებსა და ოქმებს განიხილავენ, აქციები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ოქმების დათვლის პარალელურად, აქციები იმართებოდა რამდენიმე უბანზე. მათ შორის, საბურთალოს საოლქო კომისიასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირების დროს სამი პირი დააკავეს. დაპირისპირება იყო ბათუმში მიმდინარე აქციის დროსაც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ანანიაშვილის თქმით, ამ დროს სხეულის დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.

პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,23%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
  • ევროპული საქართველო — 3,78%
  • ლელო — 3,16%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები — 1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%;

ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა არასწორი იქნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პატრიოტთა ალიანსის გარდა, ბარიერგადალახული პარტიები ახლა საერთო აქციების გამართვას აპირებს. პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.