მოძრაობამ სირცხვილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა, სადაც მათ თამარ ჟვანიას საჩუქრები მიუტანეს. აღნიშნულით აქტივისტები ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ, როდესაც მან თქვა, რომ ჟვანია ჯილდოს იმსახურებს.

"როგორც ბიძინა ივანიშვილის საყვარელმა თოჯინამ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს ქალი იმსახურებს ჯილდოს და ჩვენ მას გადავცემთ ჯილდოებს. ეს არის ნეირომასკულინური იმპლანტი, რომელიც ხელოვნური შუბლის ძარღვისთვის გამოადგება ქალბატონ თამარს", — განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა.

ნივთებს შორის იყო — არითმეტიკის სახელმძღვანელო, ჩრდილოეთ კორეის ვიზა, შუბლის ძარღვის იმპლანტი და საანგარიშო.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

დიღმელაშვილის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ვიზა არის იმ ქვეყნის ეპითეტი, რა ქვეყანაც სურს გააკეთოს საქართველოსგან.

"ეს არის დალუქული კონვერტი, ჩრდილოეთ კორეის ვიზა. ეს არის ეპითეტი იმ ქვეყნის, რა ქვეყანაც უნდა გააკეთოს საქართველოსგან — ყველა ერთ მმართველს. ამიტომ, ამასაც სიამოვნებით გადავცემთ და, როდესაც ციხიდან გამობრძანდება გამოადგება. იქ დააფასებენ მის არითმეტიკულ უნარებს", — თქვა დიღმელაშვილმა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 10-ის ფარგლებში კალკულატორით ანგარიში უჭირთ.

"აგრეთვე არითმეტიკის სახელმძღვანელო, რადგან, როგორც ჩანს 10-ის ფარგლებში კალკულატორით მიმატება-გამოკლება უჭირთ და, როდესაც ეს ქალბატონი წაბრძანდება ციხეში, მას ექნება ბევრი დრო, რომ პირველი კლასის მათემატიკა შეისწავლოს. სხვათაშორის, არსებობს ერთი წიგნი, რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი, ჰქვია მათემატიკა სულელებისთვის. პაატა შამუგიამ გვირჩია ეს გვეჩუქებინა, მაგრამ თვითონ გამოცემა ვერ ვიპოვეთ. გამოვუწერთ და მივაწვდით, აგრეთვე, საკუთარ კამერაში", — განაცხადა აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

აქცია-პერფორმანსით სირცხვილიას წევრებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

ადევნეთ თვალი On.ge-ს პირდაპირ ეთერს: