ქართული ოცნების ინფორმაციით, გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ გარდაცვალებამდე მას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა", — განაცხადა ხელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თედო გობეჯიშვილი ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხელაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.

დღევანდელ ბრიფინგზე ამის შესახებ ისაუბრა პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმაც. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ-სთან დაკავშირებული პირები თედო გობეჯიშვილთან იყვნენ იმ ღამეს, როცა ის გარდაიცვალა.

"იმ ღამეს, როცა მოხდა ტრაგიკული ამბავი და გარდაიცვალა ბატონი თედო, მასთან იყვნენ მისული ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირები და თხოვდნენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებას და ასევე, ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს რეპრესიებით, თუ ის არ დათანხმდებოდა იმ შემთხვევაში", — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბრალდებასთან დაკავშირებით On.ge ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.