სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა. ფაშინიანის ინგლისურენოვან თარგმანს გამოცემა armenpress ავრცელებს.

"ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე დეკლარაციას პირველი საათიდან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ. დეკლარაციის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა უკიდურესად მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე მივიღე. ასევე, რწმენით, რომ ეს საუკეთესო შესაძლო შედეგია. ამ ყველაფრის შესახებ უახლოეს დღეებში მივმართავ ერს. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ დამარცხებაც არ არსებობს, სანამ საკუთარ თავს არ თვლი დამარცხებულად. ჩვენ თავს არასოდეს ვცნობთ დამარცხებულებად და ეს უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის ამოსავალი წერტილი", — განაცხადა ფაშინიანმა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოსკოვის დროით 10 ნოემბერს 00:00 საათიდან ამოქმედდება.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.

რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა. ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.

DW.com-ის ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტისას სომხეთის მხრიდან 974 სამხედრო და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპული სამხედროების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ბაქო აცხადებს, რომ მათი მხრიდან 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.