ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ქუჩის ნაცვლად პროცესმა მოლაპარაკებების პროცესში გადაინაცვლოს და ამაში საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთონ.

როგორც მან განაცხადა, გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ "არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე".

"თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ", — აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა და არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს:

"არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის".

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ბარიერგადალახულმა რვავე პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ისინი მეორე ტურებში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ.

პატრიოტთა ალიანსის გარდა, პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი მოითხოვენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ქართულ ოცნებაში. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს.