ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგეს. მისივე თქმით, ამის მაღალი ალბათობა არსებობს.

"შექმნილ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. მეორე შეხვედრა საკმაოდ მალე შედგება, კონკრეტულ თარიღსა და ადგილს ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ ერთი რაზეც შევთანხმდით, შეხვედრები გაგრძელდება ჩვენი მეგობრების, ფასილიტატორების მონაწილეობით. ვეცდებით, კომპრომისი იყო მოძებნილი, თუმცა პასუხისმეგბლობის ძალიან დიდი ნაწილი არის მმართველი გუნდის მხარეს, რამდენად გაიაზრებენ ისინი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, მაღალი ალბათობა არსებობს", — განაცხადა ბაქრაძემ.

პოლიტიკური პარტიის ლიდერების შეხვედრა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან ცოტა ხნის დასრულდა. შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. შეხვედრიდან პირველი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია ისევ ერთიანია, მოთხოვნები კი უცვლელი.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ზეგ, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.