საქართველოში წამალი რემდესივირი ორ კვირაში შემოვა, თუმცა ეს არ გაიყიდება აფთიაქებში და გამოიყენება ძირითადად მძიმე პაციენტებზე. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"რემდესივირის მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს", — განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი.

3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 583 — აჭარაში, 1 272 — თბილისში, ხოლო 294 — იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.