ოპოზიციის შემდეგი აქცია 18 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ოთხშაბათს დილის 11:00 საათზე ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, ფილარმონიისა და რუსთაველისა და მელიქიშვილის მიმართულებით 2-მეტრიანი დისტანციით იქნება. თითოეულ ადამიანს მიეცემა სტიკერი, რომელზეც ეწერება — გაყალბებულია. დააფენს, დაიჭერს შესაბამის პლაკატს. ასევე, იქნება საშუალება, საქართველოსა და ამერიკის დროშების დაჭერის. რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, რომელზეც იქნება საქართველოსა და ამერიკის დროშა და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია და მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ", — განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ოთხშაბათს დაანონსებული აქცია უკვე მეოთხე გამოსვლა იქნება, რითიც ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან შედეგებს და საკუთარ პირობებს აყენებენ. მათი მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტმატიმრების გათავისუფლებაა.

სწორედ, ამ თემაზე სასაუბროდ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან უკვე ორჯერ შეიკრიბა. მოლაპარაკებებიდან გამოსული ოპოზიცია აცხადებს, რომ წაყენებული პირობების დათმობას არ აპირებს.