საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან არჩევნების საკითხი არ განუხილავთ და ძირითადად სასამართლო სისტემაზე ისაუბრეს. საქართველოში თავისი ვიზიტის დასასრულს მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გვილავას თქმით, პომპეომ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის შესახებ იკითხა. მისივე შეფასებით, სახელმწიფო მდივანი ინფორმირებულია ე.წ. კლანთან დაკავშირებით და სჯერა მისი არსებობის.

"მტკიცებულებების წარდგენა მას არ მოუთხოვია. მან იკითხა, როგორი მეთოდებით მუშაობენ გავლენიანი ჯგუფები, კლანზეა საუბარი", — აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გვილავამ.

როგორც იგი ამბობს, შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გარდა, კონკრეტულ საქმეებზეც ისაუბრეს. კერძოდ, მათ ანაკლიის პორტის, ფილიპ მორისის და კარტოგრაფების საქმეები განიხილეს.

"ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც სასამართლოზე მუშაობს. ჩვენ რომ შეგვხვდა, ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მეტად ამ ხალხს, ანაღვლებს სასამართლო. სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი გარეთ იმიტომ, რომ ისეთი ცუდები არიან, რომ გვარცხვენენ, ამიტომაც შეგხვდა ჩვენ და არის ერთ-ერთი მთავარი თემა. სასამართლო სისტემაში არ არის ყველა ცუდი ადამიანი და ესეც ვუთხარით", — აღნიშნა გვილავა.

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ის თბილისში 24 საათზე ნაკლები იყო და უკვე წავიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: