ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესაჯამებლად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე, რაც საქართველოსთვის ისეთივე პრობლემა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორიც იყო ბოლო დეკადების განმავლობაში.

"90-იანი წლები ნამდვილად იყო უკანონობის დაკარგული ათწლეული, ამიტომ ისინი 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთ დემოკრატიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა მათ, მაგრამ ისინი კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ვნახეთ. მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ ხარვეზებიანი არჩევნები ჰქონდათ და ამ არჩევნებშიც მსგავსი ტიპის დარღვევები ვნახეთ: ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება სახელმწიფო მოხელეებისთვის ხმის მიცემის მიზნით", — წერია განცხადებაში.

მათი განცხადებით, ეუთომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, აღნიშნა, რომ მაინც დაფიქსირდა რიგი შეცდომებისა, რაც საელჩოს განცხადებაშიც იყო ნათქვამი.

"ბევრმა შეაფასა, ისევე როგორც ეუთომ, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესი — ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები აგრესიული ტაქტიკა არჩევნებამდე მაგრამ, იმათაც დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლის დაშინება, რაც სამწუხაროდ აწუხებს საქართველოს არჩევნებს 30 წლის განმავლობაში. ჩვენმა გუნდმაც ეს ნახა. საელჩოს ჩვენი განცხადება ასახავდა ამას", — ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია — ისინი პარლამენტში არ შედიან. გუშინ საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია, მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან და პატრიარქთან შეხვედრები გამართა. პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციის მდუმარე აქციაც.