ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომეპო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშრებით საუბარზე კმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ აშშ-ს მხარდაჭერა ამ მხრივ გრძელდება.

"კმაყოფილი ვარ იმ გულწრფელი საუბრით სასამართლო რეფორმაზე და დემოკრატიული პროგრესსზე, რაც საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან მქონდა. საქართველომ ოკუპაციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესი განიცადა. ამერიკის კერძო ინვესტიცია დამოკიდებული სწორედ მდგრად, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზეა. ბევრი საქმეა კიდევ გასაკეთებელი და ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება", — განაცხადა პომპეომ.

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ის თბილისში 24 საათზე ნაკლები იყო და უკვე წავიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა. ასევე, პომპეო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ცნობილია, რომ NGO-ებთან საუბრის ძირითადი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ პომპეომ თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელიც ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: