საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. მათი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის ვიზიტიდიან მეორე დღეს გაიმართა.

"ყოველთვის სასარგებლოა ჩემი თბილისში და ქალბატონი დეგნანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჩვენი შეხვედრები, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები, ვაჭრობის მიმართულებები — ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი თანამშრომლობის, რომელზეც ერთად ვმუშაობთ", — განაცხადა დაით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები მეორე დღეს დაიწყო. ფაქტობრივად ის ქვეყანაში 24 საათსაც არ დარჩენილა და თბილისიდან შუადღით გაფრინდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

მისი გამგზავრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანმა თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: