ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი დამკვირვებელი, ნათია ფარეხელაშვილი აცხადებს, რომ დღეს სოფელ ავლევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენი იპოვა.

როგორც On.ge-ს ადამიანის უფლებათა ცენტრში განუცხადეს, ეს ბიულეტენები ამ არჩევნების ბიულეტენებთან ერთად იყო კონვერტში განთავსებული და, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები კაბინაში ამომრჩეველმა შეიტანა.

"ხმების დათვლის პროცესში აღმოაჩინეს საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი, ნათია ფარეხელაშვილი არის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის, humanrights.ge-ს ჟურნალისტი, თუმცა ჩვენმა ერთ-ერთი გრძელვადიანი დამკვირვებელი მივიდა ამ უბანზე და აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლის მიერ არის შეტანილი. საარჩევნო კომისიის წევრთან რამე დარღვევა რეალურად არ დადასტურდა. 6 ცალი ძველი ბიულეტენი იყო ჩალაგებული კონვერტებში, რომლებშიც, ასევე, იყო ახლანდელი ბიულეტენები", — აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრში.

On.ge დაუკავშირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, სადაც აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი ბიულეტენები მათ საარჩევნო უბნებისთვის არ მიუწოდებიათ.

"გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ და ნანახი გვაქვს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები. ეს ბიულეტენები ავლევის საარჩევნო უბანზე ვერ იქნებოდა, ცხადია, ამგვარი ბიულეტენები ჩვენ არ მიგვიწოდებია აღნიშნული უბნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა არის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, კანონის თვალსაზრისით, ეს არის დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები, ის დახარისხების/დათვლის დროს გადაიდება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში და დათვლაში არ მიიღებს მონაწილეობას", — აცხადებენ ცესკოში.

ცესკოში აცხადებენ, რომ ეს ბიულეტენები სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად გავრცელდა, რაცა საარჩევნო პროცესების დისკრედიტაცია მომხდარიყო.

"ჩვენი აზრით, ეს ფოტო გამოყენებულია დაზიანების მიზნით და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება, ზოგადად, ბიულეტენის გატანა საარჩევნო უბნიდან არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა", — აცხადებენ ცესკოში.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.