იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DPS) წევრები თავიანთ რუტინულ საქმეს ასრულებდნენ ველური ბუნების ხელშეწყობისთვის, როცა მათმა ესქპედიციამ, შემთხვევით, სრულიად შეიცვალა მიმართულება. ეკიპაჟის წევრებმა იუტას ველურ ტერიტორიებზე, ერთი შეხედვით, არამიწიერი მისტიური მეტალის ობელისკი აღმოაჩინეს.

იუტას DPS-ის საავიაციო ბიუროს ოფიცრები, გასულ ოთხშაბათს, ველური ბუნების რესურსების სამმართველოს ეხმარებოდნენ ამ ტერიტორიაზე დიდრქიანი ცხვრების რაოდენობის შესწავლაში. ისინი ვერტმფრენით გადაადგილდებოდნენ, როცა მათ დაინახეს უცნობი ობიექტი, რომელიც იქ თითქოს პირდაპირ ფილმიდან "2001: კოსმოსური ოდისეა" გაჩნდა.

"ერთ-ერთმა ჩვენმა ბიოლოგმა შემთხვევით შეამჩნია ობელისკი და ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენც მაინცდამაინც ზუსტად მას გადავუფრინეთ თავზე", — განუცხადა პილოტმა ბრეტ ჰატჩინგსმა CNN-ის შვილობილ KSL-ს. "ის ყვიროდა: მოაბრუნეთ ვერტმფრენი, მოაბრუნეთ! უკან რაღაც ობიექტი დავინახე, აუცილებლად უნდა ვნახოთ!".

ფოტო: https://cdn.cnn.com

როდესაც ეკიპაჟი იმ ადგილას მიბრუნდა, მათ დაინახეს წითელ ქვებს შორის აღმართული მბზინვარე ვერცხლისფერი ობელისკი, რომელიც თითქოს მიწიდან ამოზრდილიყო. ჰატჩინგსის შეფასებით, იგი დაახლოებით 3-3.5 მეტრი სიმაღლის იყო. "იგი აქ შემთხვევით ჩამოვარდნილს არ ჰგავდა. ობელისკი ისე გამოიყურებოდა, თითქოს იგი გამიზნულად ჩაარჭეს ამ ადგილას", — განუცხადა მან KSL-ს.

"ჩვენ ვხუმრობდით, რომ თუ რომელიმე ჩვენგანი მოულოდნელად გაუჩინარდებოდა, მაშინ იქიდან სასწრაფოდ უნდა გავქცეულიყავით", — ამბობს ჰატჩინგსი.

მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ მეტალის ობელისკი, სავარაუდოდ, იქ არა უცხოპლანეტელის, არამედ ხელოვანის მიერ იყო მოთავსებული. "ვფიქრობ ეს რომელიმე ხელოვანის ნამოქმედარია, ან ისეთი ადამიანის, რომელსაც ძალიან უყვარს ფილმი "2001: კოსმოსური ოდისეა", — აღნიშნავს იგი. ჰატჩინგსი 1968 წლის ფილმს გულისხმობს, სადაც ერთ-ერთ სცენაში ჩნდება ზუსტად იმის მსგავსი შავი ობელისკი, რომელიც მათ გასულ კვირას აღმოაჩინეს.

"ავტორიზაციის გარეშე, საჯარო ადგილებში რაიმე სტრუქტურის დამონტაჟება არალეგალურია ყველსთავის, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პლანეტიდან ხარ", — განაცხადეს DPS-ში.

ობელისკის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაჯაროვებული არ არის და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ან რამ მოათავსა იგი ამ ადგილას. შემდეგი კვირის ორშაბათს კი მიწის მართვის ბიურო გადაწტყვეტს, საჭირო იქნება თუ არა ამ საკითხის გარშემო დამატებით გამოძიებების ჩატარება.