თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს 25-მდე თანამშრომელს კოვიდი აქვს დადასტურებული. მისი თქმით, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მემანქანეებს ბელარუსიიდან ჩამოიყვანენ.

"მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს", — ამბობს კალაძე.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის
მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტისა და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირება. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც", — განაცხადა მერმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფკავშირში ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად მკაცრ შეზღუდვებს ითხოვენ.