მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

პირველი საუნივესიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კავსაძის მდგომარეობა დადებით დინამიკაში გადადის და უმჯობესდება სუნთქვის პარამენტრებიც.

"ბატონი კახი კავსაძე ჩვენთან შემოყვანილ იქნა გუშინ, დაახლოებით 14:00-ზე, მდგომარეობა შემოყვანისას იყო კრიტიკული, ვინაიდან სახეზე იყო გემორაგიული შოკი, ჩატარდა ყველა ღონისძიება, დადასტურებულია კოვიდ ინფექცია, მაგრამ ამ ინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე ბატონ კახისთან არ იკვეთება, მასთან კლინიკურად სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ პანდემიამ. ამჟამად გვაქვს დადებითი დინამიკა, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩატარებული ღონისძიებები გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას", — განაცხადა რატიანმა.

როგორც მსახიობის ძმა, იმერი კავსაძე რუსთავი 2-თან აცხადებს, კახის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

"ვერ იყო კარგად, საჭირო იყო ინტენსიური მეთვალყურეობა, ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკაში. როგორც მედიკოსები ამბობენ, მეთვალყურეობა არის ძალიან კარგი და ყველაფერი იქნება კარგად. ერთდროულად დაგვიდასტურდა, კახი უფრო ნაომარია, ნაოპერაციებია და მეტი ყურადღება სჭირდება მას", — განაცხადა მან.

მსახიობი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. კავსაძეს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე გაიდაიყვანეს, თუმცა არ იყო ცნობილი, ჰქონდა თუ არა მას კორონავირუსი.