ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს. დღეს, 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი განიხილეს.

დაცვის მხარე თავდების საფუძველზე ბრალდებულების გათავისუფლებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობის გაგრძელებას მოითხოვდა.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოკლე განმარტება გააკეთა, რომ დაცვის მხარეს ახალი გარემოებები არ წარუდგენია და წარსულში ბრალდებულებს მტკიცებულებები გადამალული ან განადგურებული აქვთ. ორივე არგუმენტს მახარაძე ტყუილს უწოდებს.

ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო:

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ გვაქვს სასამართლო. ამას არ ჰქვია სასამართლო. არ ველოდი [ასეთ გადაწყვეტილებას], მაგრამ როგორც ჩანს, ზევიდან დავალებაა და როგორც უნდათ, ისე წყვეტენ".

სხდომის დაწყების წინ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს ბრალდებულები პასუხისგებაში, უვარგისია. დაცვის მხარე ბრალდებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა და დამატებით სასამართლოს შესთავაზეს იმ 200-მდე ადამიანის თავდებობას, რომელთაც ამის სურვილი გამოთქვეს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი არის ერთი პირის მიერ შედგენილი და ყველა რეკვიზიტით, ეს ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება. გარდა ამისა, პროკურორი აცხადებს, რომ დასკვნა ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას ძმამ შეადგინა.

"ბრალდებულების ადვოკატებმა, კვაზი ექსპერტიზის დასკვნა შეადგენინეს გიგი უგულავას [ევროპული საქართველოს ლიდერის] ძმას. შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა, ეს არაა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას აქვს თავისი სტანდარტები, რა მეთოდი იქნება გამოყენებული, რა ლიტერატურა იქნა გამოყენებული და ა.შ. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა და ბუნებრივია, ეს ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეასრულოს", — განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით გარკვეული მიმართულებები გამოკვეთილია და ამაზე აქტიურად მუშაობენ.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნები გამოკითხა, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე.

ილიჩოვა/მელაშვილის ადვოკატებმა თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ ამაზე უარი უთხრა. გარდა ამისა, ისინი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოითხოვენ.

გაიგეთ მეტი: