Moderna-მ COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 30 000 ადამიანზე შეამოწმა, ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ პრეს-რილიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ Moderna-ს ვაქცინა ეფექტიანია 94.1% შემთხვევაში.

ამაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, ამ ვაქცინას დაავადების მძიმე ფორმების წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტიანობა აქვს. შედეგებით შთაგონებული კომპანია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტოს (FDA), ისევე როგორც ევროპულ ანალოგებს, სასწრაფო ავტორიზაციის მოსაპოვებლად დღესვე მიმართავს.

შთამბეჭდავი შედეგები Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინებმაც აჩვენეს, მათი ეფექტიანობა დაახლოებით, 95%-ია.

ამავე თემაზე:

Moderna-მ აშშ-ის მთავრობისგან, ოპერაცია Warp Speed-ის ფარგლებში ერთ მილიარდ დოლარიანი დაფინანსება მიიღო. Pfizer-ს მსგავსი ჰონორარი არ მიუღია, თუმცა მთავრობასთან ვაქცინის შესყიდვის ხელშეკრულება წინასწარ გააფორმა. Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფანე ბანსელი ამბობს, რომ ფედერალური დაფინანსება მთლიანად კლინიკურ ტესტირებას მოხმარდა.

ბანსელი ამბობს, რომ მოდერნას ვაქცინა, პირველ რიგში, რისკ ჯუფებს უნდა ერგოთ: ჯანდაცვის მუშაკებს, მოხუცებს, დიაბეტიან და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონეებს.

ვაქცინის გაყიდვას Moderna განვითარებულ ქვეყნებში 32-37 დოლარად გეგმავს, თუმცა განვითარებად ქვეყნებში ფასი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება. ბანსელი იმედოვნებს, რომ სხვა ვაქცინებიც წარმატებული იქნება. მისი თქმით, AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინის, ისევე როგორც გამალეას კვლევითი ინსტიტუტის წარმოებული ვაქცინის შედეგები დამაიმედებლად გამოიყურება.

Moderna-ში იმედოვნებენ, რომ აშშ-ის მთავრობას ვაქცინის 20 მილიონ ადამიანზე გათვლილი დოზით წლის ბოლოსთვის მოამარაგებენ. Pfizeri კი 50 მილიონ ადამიანზე გათვლილი დოზებით აშშ-სა და სხვა ქვეყნებს მოამარაგებს.