შპს თბილისი ენერჯი 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის საწარმოების გარდა, გაზის ტარიფს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1 ლარითა და 10 თეთრით განისაზღვრება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

"დღესდღეობით, შპს თბილისი ენერჯის მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება უჭირს, რაც ცხადია, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომპანიაში, აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის არ ძვირდება, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ.

მათივე თქმით, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში სერიოზული პრობლემები შექმნა, რადგან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას აშშ დოლარში ახორციელებს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს.