რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებას გამოხატავენ ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადების გამო, რომელიც 6-7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისის დაწესებას ეხებოდა. როგორც მან განმარტა, გამონაკლისი ამ თარიღებში იმის გამო დაიშვა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია და უქმე დღეების უმრავლესობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა.

რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს აწერენ ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, მეგობართა საზოგადება — კვაკერები, სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია და ხსნის არმია.

ერთობლივ განცხადებაში მათ გაიხსენეს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიას აპრილის განცხადებაც, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას "რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ".

"შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს", — აცხადებენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

ისინი აღნიშნავენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში ისინი დისკრიმინაციული მიდგომის არაერთ შემთხვევას წააწყდნენ და ყურადღებას ამახვილებენ შეკრებისა და გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელის სხვა კონფესიებისგან განსხვავებით მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის არ შეხებია.

"იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ისინი აცხადებენ, რომ არ მიიღებენ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანასწორო მოპყრობის საფუძვლად გამოცხადებული:

"ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორი ვართ კანონის წინაშე, თანასწორობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული!"

ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე, მოუწოდებენ, ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში.