წარსულში ელენ პეიჯად წოდებული ოსკარის ნომინანტი მსახიობი აცხადებს, რომ არაბინარული ტრანსგენდერია და სოციალურ მედიაში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გამარჯობა მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ტრანსი ვარ, ჩემზე საუბრისას გამოიყენეთ ნაცვალსახელები he/they და მე მქვია ელიოტი. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამის თქმა შემიძლია, რომ აქ ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში აქამდე მოვაღწიე", — წერს Juno-სა და ნეტფლიქსის The Umbrella Academy-ის ვარსკვლავი ელიოტ პეიჯი.

პეიჯი ასევე დიდ მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მას ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერდნენ.

"საოცარი შეგრძნებაა, რომ საკუთარი ბუნებრივი მე იმდენად შემიძლია მიყვარდეს, რომ მისი მიღება შევძლო. ტრანსგენდერთა თემიდან უამრავი ადამიანი დამეხმარა და მეც ვაგრძელებ მათ მხარდაჭერას, რათა უფრო თანასწორი და მზრუნველი საზოგადობა გვყავდეს", — აცხადებს ის.

ელიოტ პეიჯმა პოპულარობა ოსკარზე ნომინირებული როლით, ფილმისთვის Juno მოიპოვა. ის ასევე ასრულებდა მუტანტი კიტი პრაიდის როლს მარველის X-Men-ებში. ის ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გვხვდება კრისტოფერ ნოლანის ფილმში Inception.

ფოტო: Marvel

"მიხარია, რომ ვარ ტრანსი და მიხარია, რომ ვარ ქვიარი. და რაც უფრო მეტად ვუახლოვდები ჩემს თავს და მეზრდება მის მიმართ მიმღებლობა, მით უფრო ბედნიერი ვარ, მით უფრო მეტს ვოცნებობ და ჩემი გულიც უფრო იზრდება. სიყვარულს ვუგზავნი ყველა ტრანსს, რომელიც ყოველდღიურად შევიწროებასა და ძალადობას განიცდის. რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ ამ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად".