დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტრის მოადგილე, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია განიხილავს. ამის შესახებ მან გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის ჰოპსიტალიზაციას თავიდანვე ითხოვდა, რადგან თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. ამის ნაცვლად კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.

"სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვა — სასწრაფოში. ამ ამბავს შეესწრო გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი, იქ სასტუმროში მკურნალობდა თვითონაც. იმან დარეკა ჰოსპიტალში და ხვეწნა-მუდარის მერე გადაიყვანეს. რომ ვუთხარი, იქნებ, რემდესივირი ჩაურთოთ და მკურნალობა დაიწყოთ-მეთქი, უკუჩვენებები აქვსო და არ გაუკეთეს", — განაცხადა გარდაცვლილი პაციენტის დედამ.

გერმანული ჰოსპიტლის დირექტორი, ეკატერინე ლორია კი აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში გადაყვანისას უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო და მიუხედავად რამდენიმედღიანი მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.