შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანი შვილისა და მისი თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა. დაკავებული პირი 40 წლისაა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული შვილისა და მისი თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილს ვიდეოზე იღებდა. შსს-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერაც ჰქონდა.

გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.