დღეს, 3 დეკემბრიდან დაიწყო რეგისტრაცია 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად. ამ კომპენსაციას მიიღებენ ის პირები, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ რეგისტრაცია მოქალაქეებმა უნდა გაიარონ მათ ვებგვერდზე, კერძოდ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან eservices.rs.ge. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპენსაციაცია მხოლოდ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ პირებს ეკუთვნით და სხვა თვითდასამქებულებზე არ ვრცელდება.

უწყების განმარტებით, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირებმა თავად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (იხილეთ შესაბამისი დანართი 1). ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე, ინფორმაციას წარადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2). რეგისტრაციას ისინიც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გაივლიან.

"შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება", — აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, ისინი განმარტავენ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას, დახმარების მისაღებად დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. მათი თქმით, მონაცემების შემოწმებას და თანხის ჩარიცხვას მაქსიმუმ 6 დღე დასჭირდება. პრემიერმინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროს აქვს დავალება, რომ ეს დახმარება ახალ წლამდე გაიცეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი", — აცახდებენ ისინი.