— საიდან ხარ?

— ჯოჯოხეთიდან, შენ?

— მეც.

ეს პატარა დიალოგი შეიძლება შესანიშნავი ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმანეთს ონლაინ გაცნობის აპლიკაციაში "და-match-ებული" სატანა და 2020 წელი შეხვდებიან.

ყველაფერი 11 თვის წინ, 2020 წლის 2 იანვარს იწყება, როცა, ჯოჯოხეთში მყოფი ეშმაკი იგებს, რომ მისი მეორე ნახევარი სადღაც, დედამიწაზე არსებობს, სახელად 2020.

ეშმაკი 2020-ის გამო დედამიწაზე ჩამოდის, ისინი ერთმანეთს პარკში წვიმიან ამინდში ხვდებიან. მეტი რომანტიკისთვის, პაემანს თან ახლავს პატარა ციყვისთვის ფატალური ელვაც.

ასე იწყება სატანისა და 2020-ის დაუვიწყარი სიყვარულის ისტორია — პიკნიკები დაცარიელებულ მოედანზე; იოგა დაკეტილ სავარჯიშო დარბაზში; კინოთეატრები, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა ღია; ტუალეტებიდან მოპარული ქაღალდები; მეტეორების წვიმა... ერთ სცენაში 2020 სატანას ეკლესიისკენაც კი მიათრევს.

ფოტო: Maximum Effort

"არ მინდა, რომ ეს წელი დასრულდეს", — ამბობს სატანა დანანებით რეკლამის ბოლოს, მეტეორების წვიმის ფონზე. "ვის ენდომებოდა?" — პასუხობს 2020.

უჩვეულო წყვილი მოგვიანებით ინტერვიუსაც აძლევს და საკუთარ ურთიერთობაზე უფრო მეტს გვიყვება.

აპლიკაცია Match-სთვის გადაღებულ რეკლამას წლის ერთ-ერთი საუკეთესო შეიძლება ვუწოდოთ და მის უკან ორი ვარსკვლავი დგას. ვიდეო რაიან რეინოლდსის კომპანიას, Maximum Effort-ს ეკუთვნის და მასში ტეილორ სვიფტის ცნობილი ჰიტის, Love Story-ის ხელმეორედ ჩაწერილ ვერსიას პირველად ვისმენთ. სიმღერის ტექსტი "Romeo, take me somewhere we can be alone / რომეო, წამიყვანე სადმე, სადაც მარტონი ვიქნებით" 2020-ის შინაარსთან იდეალურ თანხვედრაშია.

"აქციე 2021 შენს წლად" — ვკითხულობთ ფინალურ სლოგანს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა მარტო ხარ, შეყვარებული, დაქორწინებული თუ დისტოპიური რეალობით გადაღლილი, ეს სახალისო რეკლამა აუცილებლად გაგიუმჯობესებდა განწყობას.