აზერბაიჯანთან საზღვრის სადელიტიმაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, მალხაზ მიქელაძე პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. მისი თქმით, კომისია ქვეყნის საქმეს აკეთებდა.

"არ ვფიქრობ, რომ მე რამე დამიშავებია. 23 წელია ვარ დიპლომატიაში, ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩართული ვარ მრავალ მოლაპარაკებაში, ურთულესში და ყოველთვის ვიცავდი საქართველოს ინტერესებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ მთელი დელიმიტაციის კომისია ძალიან პატრიოტული გრძნობით იყო წლების განმავლობაში განმსჭვალული, მრავალი პატრიოტი დიპლომატი თუ არადიპლომატი და ვიწრო სპეციალიზაციის ექსპერტი იყო ჩართული ამ საქმეში და ყველა ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს", — უთხრა მან ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

მისივე თქმით, პროკურატურას მასთან კითხვები მთლიანად პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა ცალკე მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა.

"იყო შეკითხვები როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე, მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, დელიმიტაციის კომისიის მუშაობაზე. როგორ მუშაობს კომისია, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვინ რა როლს ასრულებდა და როგორ მზადდებოდა საქართველოს პოზიცია მეორე ქვეყანასთან", — აღნიშნა მან.

მიქელაძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე, რაზეც სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი პასუხობს, რომ ისინი "ძალიან პატრიოტული გრძნობებით არიან განმსჭვავულები".

"ეს ორი ადამიანი არის ექსპერტი, უწყებებიდან წარმოდგენილები. გარკვეული პერიოდი ბატონი ივერი მელაშვილი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იქამდე სხვა უწყებას წარმოადგენდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან პატრიოტული გრძნობით არიან განმსჭვალულები. [უკანონოდ არიან თუ არა დაკავებულები] მე ვერ შევაფასებ, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. მით უმეტეს, რომ ახლა ჩემს პერსონალურ შეხედულებებს გამოვთქვამ და არა რომელიმე უწყებას წარმოვადგენ", — განაცხადა მიქელაძემ.

მალხაზ მიქელაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ის მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

გაიგეთ მეტი: