დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ქვეყანაში B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულაცია.

"ჩვენ ვაწარმოებთ, ე.წ. ყოველკვირეულ მონიტორინგს. კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციის [მონაცემებს] ქვეყანაში. პირველად უკვე, გუშინდელ მონიტორინგში, ორშაბათს გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულაცია. ანუ, პირველად, ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება მიეჩვია პრევენციული ღონისძიებების დაცვას, სავარაუდოა, რომ გრიპის ვირუსული პერიოდი შედარებით მსუბუქად ჩაივლის.

"ჩვენ არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. [...] მოსახლეობა რომ მივეჩვიეთ გარკვეული პრევენციული ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ, პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს, შესაძლებელია, ამის ალბათობა არის, რომ შეიძლება გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ფაქტია, რომ გვექნება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 893.

გაიგეთ მეტი: