90 წლის მარგარეტ კენანი გახდა პირველი ადამიანი, ვისაც კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთეს. ეს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელიც ბრიტანეთში დღეს დაიწყო.

მარგარეტ კენანმა, რომელიც შემდეგ კვირას 91 წლის ხდება, თქვა, რომ ეს იყო "დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი".

ბრიტანეთში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, პირველ ჯერზე, 800 000 ადამიანზეა გათვლილი. თვის ბოლოსთვის კი ვაქცინების რაოდენობა ოთხი მილიონით გაიზრდება.

დასაწყისისთვის, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციას 80 წელს გადაცილებულ პირებსა და სამედიცინო პერსონალს ჩაუტარებენ. პროგრამის მიზანია, დაიცვას რისკჯგუფში შემავალი ადამიანები და მათ ნორმალური ცხოვრება დაუბრუნოს.

ქალბატონმა კენანმა, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა, თქვა: "მე თავს პრივილეგირებულად ვთვლი, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც ვაქცინა მიიღო. ეს არის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი, რადგან ჩემი ახლობლების და ოჯახის წევრების თავისუფლად ნახვა შემიძლია. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ ვაქცინის მიღების საშუალება მომცა. ჩემი რჩევაა, რომ ყველამ მიიღოთ ვაქცინა.“

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დაიწყო.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეტ ჰენკონის თქმით, ის თავს აღელვებულად გრძნობდა, მაგრამ მოხარულია, რომ ბრიტანეთმა პირველმა დაიწყო ვაქცინაცია.

პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა NHS-ს და "ყველა იმ მეცნიერს, ვინც იმუშავა ამ ვაქცინის შესაქმნელად", მოხალისეებსა და "ყველას, ვინც სხვების დასაცავად იცავდა წესებს". ”ჩვენ ვირუსს ერთად დავამარცხებთ.” — დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო. ამის პარალელურად, ვაქცინის შეკვეთა 40 მილიონზეა გაკეთებული — ეს საკმარისია 20 მილიონი ადამიანისთვის. სრული ვაქცინაციისთვის ორი დოზაა საჭირო.

პროფესორმა სტივენ პუისმა, NHS ინგლისის ეროვნულმა სამედიცინო დირექტორმა, თქვა, რომ ვაქცინაციის პროგრამის დაწყება "დასასრულის დასაწყისია. 2020 წელი იყო საშინელი, მაგრამ უახლოეს თვეებში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.“

მან ისიც აღნიშნა, რომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და ეს ყველაფერი უამრავმა კვლევამ დაადასტურა.

"ასე რომ, თუ თქვენ ვაქცინის მიღების საშუალება გექნებათ, ნუ დაფიქრდებით, უბრალოდ მოდით და მიიღეთ", — თქვა მან.