ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

"საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც", — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს — არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.