ქართული ოცნების ლიდერების, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების (ISFED) წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც კობახიძემ დაადასტურა, შეხვედრა, დაახლოებით, 2-3 კვირის წინ იყო და ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა.

"ჩვენ დავინტერესდით მეთოდოლოგიით, რატომ? იმიტომ, რომ მინუსი ჯდება ყველა პარტიასთან მიმართებით. ქართული ოცნება იყო -2,4%, ნაციონალური მოძრაობა იყო -0,8% და ა.შ., პროპორციულად აკლდებოდა. შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდა ლეგიტიმური ეჭვი და მეთოდოლოგია გავარჩიეთ მათთან ერთად", — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის ეჭვი დადასტურდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ხარვეზი იყო ISFED-ის პარალელურ გადათვლაში, არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ ყველა პარტიის მინუსი გახდება ნული.

"PVT აჩვენებდა, რომ თითქოს ბარიერს ზემოთ ყველა პარტიამ წაართვა ხმები ბარიერს ქვემოთ ყველა პარტიას, რაც აბსურდია, ხომ? რეალურად, აქ არის მარტივი მეთოდოლოგიური შეცდომა, ჩვენი აზრით. ამით დავინტერესდით და ვნახოთ", — თქვა კობახიძემ.

ამის პარალელურად, ტელეკომპანია ფორმულამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ISFED-ზე ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ". აღნიშნულს ზეწოლას არ უწოდებს მმართველი პარტიის მეორე წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ორგანიზაციას შეხვედრაზე "მოუწოდეს", რომ წარმოადგინონ მონაცემები, რომელი უბანი როგორ დათვალეს.

"მე შეხვედრა ზეწოლა არ მგონია. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვაქვს ყოველდღიური. საქართველოს პარლამენტის წევრები ყოველდღე ხვდებიან მათ. მე პირადად რა მოთხოვნაც გავახმოვანე ორი ბრიფინგის დროს სატელევიზიო ეთერში, ზუსტად იგივე მოთხოვნა, თხოვნა თუ მოწოდება გვქონდა. ახლაც მოვუწოდებ, რომ მოგვცენ მონაცემები, რის მიხედვით, რა მეთოდოლოგიით, რომელ უბნებზე დათვალეს? იქნებ და, ცესკო ცდება", — აცხადებს მდინარაძე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ფორმულასთან ადასტურებს, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა და მმართველი პარტია PVT-ის შესახებ ინფორმაციას მოითხოვდა.

"ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია იყო იმ კუთხით, რაც მათ არაერთხელ გააჟღერეს, რომ უნდოდათ დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია PVT-ის შესახებ. კონკრეტულად, უბნებს ითხოვდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა, მათ უარი მიიღეს. იმიტომ, რომ ყველამ იცის, ჩვენი სტრატეგიული მიზნისა და მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ინფორმაციას არ გავცემთ", — აღნიშნა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, "ვიღაცას შეიძლება, რაღაც უნდოდეს", მაგრამ ზეწოლის ტონით კომუნიკაციას, ორგანიზაციასთან "ვერავინ მოახდენს".

"შეუძლიათ, ბევრმა ბევრი მოთხოვნა წარმოადგინოს, მაგრამ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ქვეყნდება, იქნება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით", — აღნიშნა ნიჟარაძემ.

ამ ყველაფერს წინ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება უძღოდა, სადაც მან საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა. მისი თქმით, კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში "სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან" და ამის დადგენას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდება.

"დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგნელების მიერ, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული [...] რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ", — თქვა კობახიძემ.

აღნიშნულს 10 დეკემბერს თავად არასამთავრობო გამოეხმაურა. ორგანიზაციის თქმით, კობახიძის განცხადება ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის შეცდომაში შემყვანია და ემსახურება ორგანიზაციის დისკრედიტაციას, ხოლო მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება.