რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ("ეფესბეს" თანამშრომლებმა მოწამლეს. ამის შესახებ საუბარია ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც Bellingcat-მა, Der Spiegel-მა, The Insider-მა და CNN-მა ერთობლივად ჩაატარეს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ დაადგინეს იმ თანამშრომლების ვინაობა, რომლებიც ნავალნის ჯერ ნოვოსიბირსკში, შემდეგ კი ტომსკში გაყვნენ, სადაც ის უკვე "ნოვიჩოკით" მოწამლეს. გარდა ამისა, "ეფესბეს" კიდევ ხუთი თანამშრომელი საქმის მსვლელობას აკვირდებოდა და რამდენიმე მათგანი ომსკშიც ჩაფრინდა, სადაც ნავალნის თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა. გამოქვეყნებულ სტატიაში ოპერატიული ჯგუფის წევრების ვინაობასაც ასახელებენ.

გარდა ამისა, გამომძიებელი ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნისა და მისი ცოლის, იულიას მოწამვლა 2020 წლის ივლისში კალინინგრადშიც სცადეს.

როგორც გამოძიებაში ვკითხულობთ, სატელეფონო საუბრებისა და გადაადგილების ანალიზის თანახმად, დიდი ხნის განმავლობაში ნავალნის ოპერატიული ჯგუფი უთვალთვალებდა. ისინი მასთან მჭიდრო კონტაქტში იყვნენ. Bellingcat-ის ვერსიით, ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლები "ეფესბეს" კრიმინალისტიკის ინსტიტუტთან არიან დაკავშირებულნი.

13 აგვისტოს ნავალნი ნოვოსიბირსკში ჩავიდა. იმავე დღეს ჩაფრინდნენ "ეფესბეს" თანამშრომლები — ალექსეი ალექსანდროვი, ივან ოსიპოვი და ვლადიმირ პანიაევი. ნოვოსიბირსკიდან ნავალნი და მისი გუნდის წევრები ტომსკში გადავიდნენ. მალევე იქ ალექსანდროვი, ოსიპოვი და პანიაევი გაჩნდნენ. როგორც კი ნავალნიმ მოსკოვში უკან დასაბრუნებელი ბილეთი დაჯავშნა, "ეფესბეს" თანამშრომლებმაც ბილეთები იყიდეს.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, სანამ ნავალნი და მისი გუნდი ნოვოსიბირსკსა და ტომსკში იმყოფებოდნენ, მათ შეძლეს და სათვალთვალო ჯგუფსა და მოსკოვში მყოფ პირებს შორის აქტიური მიმოწერა დააფიქსირეს. განსაკუთრებით აქტიურად ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლები მიმოწერას ცვლიდნენ 19 აგვისტოს ღამეს. სავარაუდოდ, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ნავალნი ტომსკში წავიდა.

იმავე დღეს, რუსმა ოპოზიციონერმა ერთ-ერთ პატარა მდინარეში იბანავა, რის შემდეგაც, დაახლოებით, საღამოს 11 საათზე სასტუმროში თავის გუნდს შეხვდა. ამ პერიოდში "ეფესბეს" თანამშრომლებმა მოსკოვში რამდენჯერმე დარეკე და გაცვალეს მიმოწერა. გარდა ამისა, მიმოწერა იყო დილის ექვსი საათისთვისაც, როცა ნავალნიმ სასტუმრო დატოვა.

Bellingcat-ის ინფორმაციით, "ეფესბეს" კრიმინალისტიკის ინსტიტუტში საიდუმლო ლაბორატიაა განთავსებული, სადაც საწამლავებს ამზადებენ. ამავეს ყვებიან, დაზვერვის ყოფილი რუსი თანამშრომლები, რომლებიც ახლა დასავლეთში ცხოვრობენ.