შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას დასაკავებლად მუშაობენ, ამიტომ ამ საქმეზე დამატებით კომენტარს იგი არ აკეთებს.

"ხედავთ, რომ ვმუშაობთ, ხომ? მოხდა ძმის დაკავება, რომელსაც გადაჰქონდა რაღაცა ტვირთი და ეხმარებოდა, იყო აკრძალული ნივთები შიგნით. ამ თემაზე ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ", — განაცხადა გომელაურმა.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა. მას ამ დრომდე ეძებენ.