ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა განათლების სამინისტროს კომიტეტის სხდომაზე ახალი ინიციატივა წამოაყენა და განაცხადა, რომ დროა დაიწყოს ფიქრი, საქართველოს დისტანციურ ჰაბად ჩამოყალიბებაზე. ამის შესახებ მან განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს დაუსვა შეკითხვები.

"თქვენი და თქვენი სამინისტროს ერთ-ერთ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, თუ როგორ მოახდინა განათლების სფეროში სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა მოსწავლეებსა და სტუდენტებს. რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ მე ვფიქრობ, განათლებაში დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, ხომ არ გვეფიქრა და დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო? ეს, რა თქმა უნდა, ეხება იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის და არა ის, სადაც ეს ტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოებია საჭირო. ვინაიდან, ვფიქრობ მსოფლიო მიდის აქეთკენ და საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროპის ხარისხის სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს ნაბიჯი გადავდგათ და დისტანციურ სწავლებაში რეგიონალურ ჰაბად, მიზიდულობის ცენტრად ჩამოვაყალიბოთ", — განაცხადა მან.

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.