ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად ყველაფერი არის გამართული და მართველი პარტია ბოლომდე წელში გამართულია, ვინმეს რაიმე საბაბი რომ არ ჰქონდეს გნებავთ სამართლებრივი კუთხით, გნებავთ პოლიტიკურად, მე გთავაზობთ რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი — გნებავთ ვენეციის კომისიაში ან ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე. შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე დაველოდოთ ვენეციის და ეუთოოდირის პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა. ზუსტად იგივე ინიციატივა შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა და უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პარტიისთვის რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს სხვა კონსტიტუციის წესს. მათი პასუხების შემდეგ ჩვენ ვიქნებით წელში გამართული და პირნათელი", — ამბობს კობახიძე.

ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. ამასთან, მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.