საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომელთაც ოპერატიული გზით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოჰქონდათ გამამტყუვნებელი განაჩენი.

"25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა", — წერია EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინეს 2017 წელს, როდესაც იპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებით.

"აღნიშნულმა საქმემ ნათლად გამოაჩინა როგორც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პრობლემურობა, აგრეთვე ე.წ. ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში პოლიციის თვითნებობის და მათი მხრიდან ნარკოტიკის ჩადების საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საქმეები, სადაც პოლიციის თვითნებობაზე და ნივთმტკიცების ჩადებაზე მიუთითებს ბრალდებული, იშვიათობას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არის სასამართლოს 25 დეკემბრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მომავალში მსგავსი პრაქტიკების თავიდან ასაცილებლად", — აცხადებენ EMC-ში.

EMC-ის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დებულება გამოყო, მათ შორის:

  • აუცილებელია, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, ან სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა დაიშვას სისხლის სამართლის საქმეზე;
  • სასამართომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც არსებითად ემყარება და იმეორებს ინფორმანტის/კონფიდენტის მიერ მისთვის მიწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სამართალდამცავის ამგვარი ჩვენება, თავისი შინაარსით, არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც ნაკლები სანდოობითა და უტყუარობის დაბალი ხარისხით ხასიათდება;
  • საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე იმსჯელა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე და დაადგინა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს უკანონო ნივთი, თავისთავად ეს ფაქტი არ უნდა გახდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის დაკანონების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგი არ არის რელევანტური იმის შესაფასებლად, თუ რამდენად დასაბუთებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა.

EMC აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, თუმცა, განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში, სამართალდამცავებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივლისამდე განუსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ვადა, რათა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგად მოპოვებული უკანონო ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნის დადასტურებას სხვა ნიეტრალური მტკიცებულებებით, გარდა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელის ჩვენებისა.