პენიტენციური სამსახური უარყოფს მელაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა და აცხადებს, მელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტები პირადი ხასიათის წერილი იყო და მსგავსი კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანას თავად დაწესებულება უზრუნველყოფს.

"ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; სასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი", — წერია განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს უსაფრთხოების შესაბამის ღონისძიებებს რათა, თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა.

"ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ.-ს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს უფლება არ მისცა, ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით მისი წერილობითი ანალიზი გადაეცა.

როგორც ედუარდ მარიკაშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ეს ქმედება ცალსახა დარღვევაა, საჩივარი უკვე დაწერა და რეაგირებას ელოდება.

"პანდემიის გამო ფიზიკურად ვერ ვხვდებით, ვლაპარაკობთ ტელეფონით, ბარიერს მიღმა. ამიტომ ამა თუ იმ საკითხზე თავის პოზიციას წერილობით ამზადებს, შევდივარ და გამომაქვს, ხოლმე. დღეს მომზადებული ჰქონდა რაღაც საკითხზე პოზიცია, უნდა გადმოეცა. ბარიერის გამო თვითონ გადასცემს ბადრაგს, მათ გადმოაქვთ ჩემთან. როცა გადასცა ეს დოკუმენტები, მათ, დიდი ალბათობით, ჩახედეს, გადაამოწმეს და მითხრეს, რომ პირადი ხასიათის წერილია და ვერ გადმოგცემთო. ის პრობლემაა, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის შინაარსის კონტროლის უფლება არ აქვს ციხის ადმინისტრაციას და ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა, მეორე, ბრალდებულს აქვს უფლება, ყველა დოკუმენტი, რაც საქმეს უკავშირდება, შეუფერხებლად გადასცეს მის ადვოკატს. აქვთ მხოლოდ ვიზუალურად შემოწმების უფლება, შინაარსის კონტროლის უფლება ცალსახად არ აქვს და წარმოუდგენელი დარღვევაა", — განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

მელაშვილს არ მისცა უფლება გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

გაიგეთ მეტი: