"როცა ვირუსი თავდასხმის მეთოდებს ცვლის, თავდაცვის მეთოდები ჩვენც უნდა შევცვალოთ", — ამ სიტყვებით დაასაბუთა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრი კარანტინის შემოღება. მიზეზი კი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენა გახდა, რომელიც, ექსპერტთა თქმით, უფრო მაღალი ინფიცირების უნარით გამოირჩევა. ზოგადად, მუტაცია და ადაპტაცია ვირუსთა ცხოვრებისეული ციკლის განუყოფელი ნაწილია და მოვლენათა ამ სცენარით განვითარება მოსალოდნელიც იყო. მეტიც, კორონავირუსის საწყის, ვუხანისეულ ფორმას ამჟამინდელისგან 25 მუტაცია მაინც აშორებს.

ამ სტატიაში მოკლედ, მაგრამ ამომწურავად განვიხილავთ კორონავირუსის ბრიტანული შტამის თავისებურებებს.

  • რა ტიპის მუტაციასთან გვაქვს საქმე?

კორონავირუსის ახალ შტამს B.1.1.7-ს უწოდებენ. იგი პირველად ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გამოჩნდა. მისი "დაჭერა" დიდი ბრიტანეთის მძლავრი, გენომური მონიტორინგის სამსახურის წყალობით მოხერხდა. ამ მხრივ, კუნძულელებზე უკეთესი სისტემა მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. მუტირებული კორონავირუსი პირველად სექტემბრის მიწურულს გამოჩნდა, თუმცა, მეცნიერთა ჯეროვანი ყურადღება დეკემბრის შუისთვის დაიმსახურა, როცა მან აქამდე არსებული კორონავირუსის შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლა. სწორედ ამის გამო მიაჩნიათ მკვლევარებს, რომ საქმე არა შემთხვევით მუტაციასთან, არამედ ვირუსის ადაპტაციურ მექანიზმთან აქვთ.

ახალ შტამში 23 მუტაცია გვხვდება. ერთ-ერთი მუტაციის სახელი N501Y გახლავთ და იგი ვირუსს საშუალებას აძლევს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს. ეს მოდიფიკაცია სამხრეთ აფრიკაში გავრცელებულ კორონონავირუსის მუტირებულ, დომინანტურ ფორმაში დამოუკიდებლადაც გვხვდება. B.1.1.7-ის გენეტიკურ კოდში ასევე გვხვდება მცირე დელეცია (69-70 del), რაც მას საშუალებას აძლევს, რომ ზოგიერთი პაციენტის იმუნურ სისტემას თავი აარიდოს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 23 ახალი მუტაციიდან 17 ვირუსის ე.წ. "სპაიკ-ცილაშია" ლოკალიზებული, რაც მეცნიერთათვის ფრიად საყურადღებო საკითხია: ვაქცინების უმეტესობა სწორედ სპაიკ-ცილების გენეტიკურ მახასიათებლებს იყენებს ორგანიზმის იმუნური პასუხის გამოსაწვევად.

  • როგორ და რატომ ყალიბდება კორონავირუსის ახალი მუტაციები?

ვირუსის გენეტიკურ კოდში მუტაციები სპონტანურად, სულ მიმდინარეობს. ამ ყოველივესთვის მათ მასპინძელი ორგანიზმი ესაჭიროებათ. ბრიტანული მუტაციის გამოჩენამდე სხვა გახმაურებული მუტაციებიც გვხვდებოდა, მაგრამ ისინი ასე წარმატებულები ვერ გამოდგნენ. მაგალითისათვის, ავიღოთ მუტაცია D614G, რომელიც ადრეულ ზაფხულში გამოჩნდა. ამ უკანასკნელზე მეცნიერები ეჭვობდნენ, რომ იგი ვირუსის სწრაფ გავრცელებას შეუწყობდა ხელს, რადგანაც მუტაცია ვირუსის ე.წ. "სპაიკ-ცილაში" იყო ლოკალიზებული. რეალურად, ამ მუტაციის მქონე კორონავირუსის ვარიანტი დომინანტური შტამი კი გახდა, მაგრამ ამას მის გავრცელებაზე დრამატული გავლენა მაინც არ მოუხდენია. იგივე შეიძლება ითქვას აპრილში, შვედეთში გამოჩენილ მუტირებულ კორონავირუსზეც, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 6 ათასამდე ადამიანი დააინფიცირა, მაგრამ დომინანტ შტამად ასეც ვერ ჩამოყალიბდა.

ორიოდე თვის წინ დანიაში გამოჩენილმა კორონავირუსის ახალმა მუტაციამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ, ვირუსი ადამიანებიდან წაულებში გავრცელდა, მოდიფიცირდა და შეცვლილი სახით უკან, ადამიანებსვე დაუბრუნდა. პოტენციური საფრთხე დანიის მთავრობამ იმდენად მწვავედ აღიქვა, რომ ქვეყანაში არსებული 1000-მდე ფერმა დახურა და 17 მილიონი წაულის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. სახეობებს შორის კორონავირუსის მსგავსი "გადახტომ-გადმოხტომა" სწორედ ამიტომ არის საშიში — მსგავსი მიმოცვლის დროს ვირუსი მუტირებს და არავინ იცის, შეცვლილი ფორმა ადამიანებისათვის რამდენად საშიში აღმოჩნდება. მსუბუქად სახეცვლილი შტამი თავდაპირველად ლოკალურად, რომელიმე რეგიონში ვრცელდება და მის ფართო გავრცელებას დიდი დრო სჭირდება.

კონკრეტულად ბრიტანული შტამის წარმომავლობა ზუსტად არავინ იცის, თუმცა ვირუსოლოგებს შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, იგი შემდეგნაირად წარმოიშვა: ვირუსმა ისეთი ადამიანი დააინფიცირა, რომლის იმუნური სისტემა მკვეთრად სუპრესირებული გახლდათ. შედეგად, იგი ამ ვირუსის ხანგრძლივმატარებელი აღმოჩნდა. ვირუსისთვის ეს დრო საკმარისი გამოდგა, რომ მას ორგანიზმი ერთგვარ პოლიგონად გამოეყენებინა, საკუთარი თავი დაეხვეწა და ახალ მასპინძელში გავრცელება მოეხერხებინა. სამწუხაროდ, "პაციენტი—ზეროს" მოძიება უკვე შეუძლებელია და რამდენად მართალია ეს თეორია, ამას ვეღარასოდეს გავიგებთ.

  • რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი?

ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ამის მიხედვით უნდა მოხდეს პანდემიის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის მოდიფიცირება. ბორის ჯონსონმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვირუსი 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინა ვერსია. მას ეს სავარაუდო მაჩვენებელი მათემატიკოსთა მიერ ჩატარებული მოდელირების შედეგად მიაწოდეს. მიუხედავად ახალ შტამში არსებული მუტაციებისა, ვირუსის გავრცელება ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული და მასში მთავარ როლს ადამიანთა ქცევა თამაშობს. ამის გათვალისწინება თეორიულ მოდელებში, გარკვეულწილად, რთულია. მოგვიანებით ჩატარებულმა სხვა მათემატიკურმა მოდელმა გამოკვეთა, რომ ბრიტანული შტამი 56%-ით უფრო გადამდები უნდა იყოს. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: ჯერჯერობით ინფიცირების ზუსტი, ფიქსირებული, გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელი არ გაგვაჩნია.

კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი საკმაოდ შორსაც გავრცელდა. 2 იანვრის მონაცემებით, იგი უკვე მინიმუმ 33 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული. გეოგრაფიული არეალიც საკმაოდ ფართოა: იაპონიიდან ჩილემდე. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა: დღეს ბრიტანული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

  • საშიშია თუ არა მუტირებული კორონავირუსი?

იმისათვის, რომ ახალი შტამის მიერ გამოწვეული რისკები შეაფასონ, მეცნიერებმა ერთ მნიშვნველოვან კითხვას უნდა გასცენ პასუხი: როგორ შეიცვალა ვირუსის ქცევა? სიტყვა "მუტაცია" ყურს კი ჭრის, მაგრამ ხშირად ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — მუტაცია და ცვლილება ვირუსის განუყოფელი ნაწილია. უმრავლეს შემთხვევაში, ეს გენეტიკურ კოდში არაფრისმომცემი, უმნიშვნელო ცვლილებებია. არის შემთხვევები, რომ მსგავსი მუტაციების შემდეგ ვირუსის დამაინფიცირებელი უნარი იკლებს და ახალი, მოდიფიცირებული ვარიანტი არსებობას მალევე წყვეტს. ზოგჯერ ეს ცვლილება ვირუსის გარკვეულ უნარებს აძლიერებს, როგორც ეს ბრიტანული ვერსიის შემთხვევაში მოხდა.

ინგლისის საზოგადო ჯანდაცვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ნათელი ხდება, რომ მოდიფიცირებული კორონავირუსი უფრო მწვავე COVID-19-ს არ იწვევს. მსგავს მოსაზრებას სამეცნიერო წრეები უკვე დიდი ხანია იზიარებენ, თუმცა, ამ შეხედულების მტკიცებულებით გამყარება ახლახან გახდა შესაძლებელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ვირუსის ახალი შტამის აღმოჩენაში პოზიტიურ ნიშნებსაც ხედავს. მათი თქმით, ეს მიუთითებს, რომ ქვეყნები კორონავირუსს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან. WHO-ს გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობაში ბალანსის პოვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რეალურ დროში, ვირუსის ასე ახლოდან, ფრთხილი სამეცნიერო დაკვირვებით თვალის დევნება გლობალური საზოგადო ჯანდაცვის პოზიტიურ განვითარებაზე მიანიშნებს. ის ქვეყნები კი, რომელთაც ვირუსის მონიტორინგის მსგავსი მექანიზმები აქვთ, ქებას იმსახურებენ.

მაიკ რაიანი, WHO-ს გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი

  • მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამით რეინფიცირება?

ჯერჯერობით, ამის დარწმუნებით თქმა არ შეგვიძლია. ამჟამად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 85 მილიონ შემთხვევაზე მეტია აღწერილი და რეინფიცირება უკიდურესად იშვიათი გახლავთ. საკმაოდ რთულია ამგვარი შემთხვევების სწორი იდენტიფიცირებაც, რადგანაც, როგორც უკვე ვიცით, კორონავირუსი ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც შეიძლება შენარჩუნდეს. კორონავირუსით მეორეჯერ ინფიცირების დასადგენად ვირუსის გენეტიკური ანალიზია საჭირო და აღნიშნული ტექნოლოგია ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახლავთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 1.85 მილიონი ადამიანი მოკვდა და პირველი, დადასტურებულად რეინფიცირების გამო გარდაცვლილი 89 წლის ნიდერლანდელი ქალი აღმოჩნდა. შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერავინ ამბობს, ინფექციის მოხდის შემდგომ, რამდენი ხნით გვიცავს იმუნიტეტი. ბოლო კვლევებით, ეს მაჩვენებელი მინიმუმ 6 თვეს მაინც უნდა შეადგენდეს.

ამჟამად არსებული მტკიცებულება გვაჩვენებს, რომ COVID-19-ის გადატანის შემდგომ 95% შემთხვევაში იმუნიტეტი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს და ორგანიზმი ვირუსის მიმართ მოწყვლადი გახდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია, რაც ეფექტიანი დაცვის ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

  • ეფექტიანი იქნება თუ არა ვაქცინები ახალი შტამის მიმართ?

"იმაზე არავინ უნდა იდარდოს, რომ ერთი კატასტროფული მუტაცია უცებ მთელ იმუნიტეტსა და ანტისხეულებს უსარგებლოს გახდის", — შენიშნავს ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევითი ცენტრის ევოლუციური ბიოლოგი, ჯესი ბლუმი. ამ დაშვებას იზიარებს აშშ-ს ვაქცინის შექმნისა და წარმოებისკენ მიმართული ოპერაციის Warp Speed სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოსაფ სლოუიც. ამის თქმის უფლებას მათ გრიპის გამომწვევი ვირუსი აძლევთ. საქმე იმაშია, რომ გრიპის ვირუსს 5-7 წელი სჭირდება, რომ მისთვის შექმნილ ვაქცინას თავი სრულად აარიდოს. როგორც წესი, სწორედ მცირე მუტაციები განაპირობებს იმას, გრიპის ვაქცინა ყოველწლიურ მოდიფიკაციას საჭიროებს. ახლახან გამოქვეყნებული პრე-პრინტი ვარაუდობს, რომ SARS-CoV-2 ვირუსის მონათესავე, უბრალო გაციების გამომწვევი კორონავირუსებიც მსგავს ევოლუციურ შაბლონს მისდევენ.

იმედიანად არიან ვაქცინის მწარმოებლებიც. AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაქცინა ეფექტიანი იქნება. თუმცა, იგი ამ დაშვებაში სრულად დარწმუნებული მანამ ვერ იქნება, სანამ მისი ვარაუდი პრაქტიკულად არ გამოიცდება.

უფრო იმედიანად Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს მესვეურები უნდა იყვნენ. მათ მიერ ვაქცინებში გამოყენებული ტექნოლოგია ახალი შტამების მიმართ ადვილად ადაპტირებადია. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ვაქცინებით ჩამოყალიბებული იმუნური პასუხი იმდენად მძლავრია, რომ კორონავირუსებს გაცილებით უფრო მეტი მუტაცია დასჭირდებათ, რათა წლების შემდეგ ვაქცინა მათ მიმართ უეფექტო გახდეს. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ყოველივეს პარალელურად აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, სხვა ქვეყნების მთავრობებთან კოლაბორაციაში, ვირუსის სექვენსირების ერთიანი ბაზა უნდა შექმნას. გლობალური, კოორდინირებული მუშაობა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში მიადევნონ თვალი კორონავირუსის ახალ მუტაციებს და ამგვარად განსზაღვრონ, ჩნდება თუ არა ახალი მუტაციები ვაქცინაციის მიუხედავად.