დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ვირუსის ახალი შტამი უპასუხა, რომ არ ეტყოდა. ჩაკითხვის შემდეგ, იცოდა თუ არა ხელმძღვანელის მოადგილემ ქვეყანა საიდანაც ახალი შტამი გაჩნდა, მკაცრად უპასუხა, რომ იციან, მაგრამ არ იტყვიან.

"ვიცით, მაგრამ არ გეტყვით", — უპასუხა იმნაძემ ჟურნალისტებს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან კონტაქტი არ ჰქონია.

მან, ასევე, არ დაასახელა ციფრი, თუ რამდენი პირი იმყოფება იზოლაციაში Covid-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დღეს, 4 იანვარს, დადასტურდა. NCDC-ის ცნობით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას უკავშირდებოდეს, მაგრამ NCDC-ში აცხადებენ, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.