კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებია და ის თვითზიოლაციაშია. როგორც მან On.ge-ს უთხრა, თეთრუაშვილი იზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ შორენა თეთრუაშვილს კოვიდი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცისანა შარტავა კურიერსაც ესაუბრა. ინფიცირების შესახებ გამოცემა ტაბულას დაუდასტურა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით, ჯაღმაიძემ შეატყობინა, რომ ტესტის პასუხს ჯერ ელოდებიან. On.ge დილიდან ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა.

გარდა ამისა, თეთრუაშვილის ინფიცირება On.ge-ს საპატრიარქოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც დაუდასტურა. გარდა ამისა, თეთრუაშვილის ინფიცირება On.ge-ს საპატრიარქოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც დაუდასტურა. მისი თქმით, თეთრუაშვილმა ტესტირება მას შემდეგ გაიკეთა, რაც ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება. ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თეთრუაშვილიც ინფიცირებული იყო, ტესტირება ყველას გაუკეთეს.

სამი დღის წინ, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. ღონისძიებას სტუმრები და მღვდელმთავრები ესწრებოდნენ.