ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველ პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერეს. მათივე განცხადებით, რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრშია მიწვეული. თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე — დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

"ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე შევაჩეროთ", — ნათქვამია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის შუა რიცხვებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინა ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.

ანანიაშვილი გადაწყვეტილებას პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური მდგომარეობით ხსნიდა. ის აცხადებდა, რომ რუსულთან ერთად ქართულ დასსაც უხელმძღვანელებდა და მსგავსი თანამშრომლობა ბალეტის სფეროში "ჩვეულებრივი რამ არის".