ცნობილი ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, მხატვრისა და სკუპლტორის, რეზო გაბრიაძის, ჩანაწერების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, დედა, იცი, სად ვიყავი? ამერიკულ სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსზე განთავსდა, სახელწოდებით რეზო.

ბიოგრაფიული ანიმაცია 2017 წელს შეიქმნა, პრემიერა კი მომდევნო წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). კინოსურათის სცენარი თავად რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, რომელიც ნაწარმოებში მთხრობელადაც გვევლინება, რეჟისორი კი მისი შვილი, ლეო (ლევან) გაბრიაძეა.

რეზო გაბრიაძის ცხოვრების ამბავს ეფუძნება. როგორც ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, მასში "ნამდვილი ამბები ოსტატურად ერწყმის პატარა ბიჭის ფანტაზიასა და ზმანებებს". ეს ამბები მოიცავს შეხვედრას სტალინთან და ლენინთან, საუბრებს ბაყაყთან და ვირთხასთან და ჰიტლერის დამარცხებას.

"რეზო გაბრიაძე ჩვენს ბავშვობაში გვაბრუნებს — იმ დროში, როცა არავის ეშინია; როცა ყოველგვარ ბოროტებას ბოლო ეღება, სიკეთე კი სამუდამოდ რჩება".

ფილმის ქართულენოვანი ვერსიის ჩვენება პირველად ქუთაისში, თეთრ ხიდზე გაიმართა. ტელეპრემიერა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შედგა გასულ წელს.