აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში დემოკრატიული პარტიის კონგრესმენები არიან, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორებაზეა საუბარი. როგორც CNN წერს, რეზოლუციას სიმბოლური ხასიათი აქვს.

დემოკრატებმა მოუწოდეს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რომ 25-ე შესწორებაზე დაყრდნობით პრეზიდენტი ქმედუუნაროდ გამოაცხადოს და მისი ადგილი დაიკავოს. თუმცაღა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე პენსმა უარი თქვა შესწორების გამოყენებაზე.

მაიკ პენსის წერილის თანახმად, რომელიც მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გაუგზავნა, მას არ სჯერა, რომ ეს კურსი აშშ-ს საუკეთესო ინტერესებს ან კონსტიტუციას შეესაბამება. რეზოლუციის წინააღმდეგ 205 კანონმდებელი იყო, ხოლო მხარი 223-მა დაუჭირა, მათ შორის ერთმა რესპუბლიკელმა.

დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისს ერთ კვირაში დატოვებს, თუ შესაძლოა ის აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც იმპიჩმენტს ორჯერ გამოუცხადებენ. მაიკ პენსის უარის შემდეგ, სავარაუდოდ, ახლა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ, როგორც ამას ადრე სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობდა.

დონალდ ტრამპისთვის ძალაუფლების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაცმისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და კონგრესის სხდომის ჩაშლა სცადეს, სადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ.

კაპიტოლიუმში არუელობის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველად საჯაროდ ტეხასში, ალამოში გამოჩნდა, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები ფალსიფიცრებულია. მისივე თქმით, 6 იანვარს მისი სიტყვები უადგილო არ ყოფილა.