თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არ წარადგინეს, რადგან "ამხელა ქალაქის მერია", სადაც ბევრი პრობლემაა, რომელიც ეტაპობრივად მოგვარებას საჭიროებს. ამის შესახებ მან გადაცემა დღის Newsroom-ში ისაუბრა.

"ვარ ამხელა ქალაქის მერი. ქალაქის, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. არის სერიოზული გამოწვევები და რა თქმა უნდა, 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს წელსაც მუშაობა, მომდევნო წლების განმავლობაშიც, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს", — განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, იგივე მიზეზის გამო არ წარადგინეს ქვეყნის პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც. მისი თქმით, არსებული პანდემიის ფონზე, პრემიერმინისტრს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა მართოს.

"მოდი პირდაპირ ვთქვათ, დღეს ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ეს არის არსებული პანდემია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართოს მთავრობა და ყველას ჩართულობით დაუპირისპირდეს ამ გამოწვევას", — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხვალ ყრილობაზე, სადაც თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად აირჩევენ, ცნობილი გახდება გაუქმდება თუ არა გენერალური მდივნის თანამდებობა, რომელიც ახლა თბილისის მერს თავად უკავია.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ახალი კანდიდატურის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა და პარტია დატოვა.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შს-ს მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.

ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.

პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.