დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, 18 იანვრიდან ქვეყანა ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს. ორშაბათიდან ყველა პირი, რომელიც ბრიტანეთში ჩავა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი უნდა წარადგინონ.

გარდა ამისა, ყველა პირს 10-დღიაინ კარანტინის გავლა მოუწევს ან ხუთი დღის შემდეგ ტესტზე პასუხი ისევ ნეგატიური უნდა იყოს.

როგორც პრემიერმინისტრმა განმარტა, შეზღუდვები მინიმუმ 15 თებერვლამდე იმოქმედებს და ეს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი შტამებისგან თავის დაცვას ისახავს მიზნად. აქამდე ბრიტანეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას შეზღუდული ჰქონდა მიმოსვლა ბრაზილიასთან და პორტუგალიასთან, რაც დაკავშირებულია "ბრაზილიურ შტამთან", რომელიც იაპონიაში აღმოაჩინეს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ბრაზილიური შტამი უკვე აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული შტამი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ისევე სწრაფად ვრცელდება, როგორც ბრიტანული შტამი, რომლის შესახებაც დეკემბერში გახდა ცნობილი.