რუსეთში, აეროპორტში, სადაც ალექსეი ნავალნის ელოდებიან, ხალხს აკავებენ. ადგილზე იმყოფება "ომონიც". რუსული რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია ნავალნის ძმაც, ოლეგ ნავალნი, ასევე, ნავალნის თანამებრძოლები, მათ შორის, ლიუბოვ სობოლი.

რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში დაახლოებით 45 წუთში ჩაფრინდება, მოსკოვის დროით 20:00 საათზე.

ნავალნიმ გერმანიიდან გაფრენამდე კომენტარი გააკეთა მის სავარაუდო დაკავებასთან დაკავშირებით და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მე დამაკავებენ? ეს შეუძლებელია, მე უდანაშაულო ადამიანი ვარ".

აეროპორში მოქალაქეების ნაწილი რჩება, მათ პოლიცია წასვლისკენ მოუწოდებს.

"ფაშისტებო" — სკანდირებენ შეკრებილები.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში ბრუნდება.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.