რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, რამდენიმე წუთის წინ მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს აეროპორტში დაფრინდა.

TV Rain-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი უკვე აეროპორტშია, მაგრამ მოქალაქეებს, მათ შორის ნავალნის გასვლის საშუალებას ჯერ არ აძლევენ და ავტობუსს ელოდებიან. ჟურნალისტის თქმით, რომელიც ნავალნისთან ერთად მგზავრობდა, რუს ოპოზიციონერს თვითმფრინავში კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე ვნუკოვოს აეროპორტში შეკრებილი მისი რამდენიმე მხარდამჭერი "ომონმა" დააკავა, შემდეგ კი თვითმფრინავმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა.

ნავალნიმ გერმანიიდან გაფრენამდე კომენტარი გააკეთა მის სავარაუდო დაკავებასთან დაკავშირებით და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მე დამაკავებენ? ეს შეუძლებელია, მე უდანაშაულო ადამიანი ვარ".

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.